пятница, 27 февраля 2015 г.

ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ

  • ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ
რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოზე აგრესია შენიღბული ყოფილიყო. წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დახმარების მოტივით. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორესნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორია. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რუსულ სოფლებში დაიწყო პროვოკაციული აჯანყება. წინასწარი გეგმის მიხედვით 16 თებერვალს საქართველოში შეიქმნა„საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევკომი)“, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მშრომელთა „აჯანყებისთვის“. რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე (თავმჯდომარე), მამია ორხელაშვილი, შალვა ელიავა, საშა გეგეჭკორი და სხვები. იმავე დღეს, 16 თებერვალს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს, საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა, რადგან წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები 15 თებერვალს გადმოლახა. ხოლო საქართველოს რევკომის თხოვნა 16 თებერვალს გაიგზავნა.
საქართველოში შემოიჭრა სომხეთსა და აზერბაიჯანში მდგარი XI წითელი არმია. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს კიდევ ორი მხრიდან შემოუტია, სოჭის რაიონიდან აფხაზეთისკენ და მამისონის უღელტეხილიდან ქუთაისისკენ. ძალები არათანაბარი იყო, მდგომარეობას ართულებდა ისიც რომ თურქეთმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არტაანსა და ართვინში ჯარების შეყვანა დაიწყო. საქართველოს მთავრობამ ეს ტერიტორიები დათმო. მიუხედავად ასეთი ფართომაშტაბიანი აგრესიისა, რუსეთი საქართველოს ომს მაინც არ უცხადებდა. რუსების დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს აჯანყებულებს რევკომი ხელმძღვანელობდა, ხოლო XI წითელი არმია საქართველოში აჯანყებულთა დასახმარებლად იყო შესული.
1921 წლის 15-16 თებერვალს გამართული ბრძოლების შემდეგ, ქართულმა ჯარებმა უკან, თბილისისკენ დაიწყეს სვლა. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. ქართული ჯარის, სახალხო გვარდიის და მოხალისეების გმირული ბრძოლის შემდეგ 20 თებერვალს მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. ამ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა იუნკერებმა. 22 თებერვალს ბოლშევიკებმა კვლავ შემოუტიეს თბილისს, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდნენ. 23 თებერვალს თბილისში დიდი პატივით დაკრძალეს თბილისის დაცვისთვის დაღუპულები. 24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, მოწინააღმდეგეებმა შევსება მიიღეს, ქართულ ჯარს კი რეზერვები ელეოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და მთავარსარდალმა გიორგი კვენეტაძემ თბილისი დატოვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის XI წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შემოვიდა. საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის დატოვებამ შეარყია ქართველების ბრძოლის სულისკვეთება. საქართველომ დასავლეთ ევროპისგან დახმარება ვერ მიიღო, ამას ისიც დაერთო, რომ 1921 წლის 16 მარტს თურქები ბათუმში შევიდნენ და მოითხოვეს იქ მყოფი ქართული ჯარის განიარაღება. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ.
საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვების მიუხედავად, ის ოკუპანტებთან შეთანხმების პოლიტიკას არ დასდგომია. უფლებამოსილება არ მოუხსნია არცერთ სახელმწიფო ორგანოს, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვი ბრძოლაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий